საგამოცდო სისტემაში გარკვეული ოპტიმიზაციის ჩატარების შესახებ თავად განათლების მინისტრმა ისაუბრა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით შეძლებენ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, მას ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს, მიმინოშვილის თქმით აღნიშნული ცვლილებებისთვის ეროვნული ცენტრი მინიმუმ ერთი წლით ადრე მაინც უნდა მოემზადოს.
განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, საგამოცდო სისტემის ცვლილებების შესახებ განათლების მინისტრის ინიციატივას ეჭვქვეშ აყენებენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, მისაღები გამოცდები კორუფციისა და ნეპოტიზმის წყარო გახდეს.
ეროვნული გამოცდების ფორმატის შესაძლო გაუქმებაზე ,,ნიუპოსტი“ განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომლის მინისტრობის დროსაც, 2012 წლის დასაწყისში მაშინდელმა ხელისუფლებამ ახალი საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბებაზე დაიწყო მუშაობა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ახალ სისტემაზე გადასასვლელად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება იქნა შესწავლილი, მათ შორის ბრიტანეთის, გერმანიის.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით საქართველოში ჩვენ მოვახერხერთ კორუფცის პრობლემის მოგვარება უმაღლეს სასწავლებლებში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც იყო მიღწეული მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში, მაგრამ ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა წინ მიდის ვითარდება და ყოველთვის ახალი გამოწვევები დგება განათლების სისტემის წინაშე, იმიტომ რომ დინამიურად ვითარდება მსოფლიოსთან ერთად ჩვენი ქვეყანა. ზუსტად ამ იძულების გამო, რომ არსებობს ახალი გამოწვევები, 2012 წლის დასაწყისში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ახალი საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ერთდროულად, გარანტიას მოქვცემდა რომ კორუფცია არ დაბრუნდებოდა და ამავდროულად მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ ბავშვს ესწავლა სკოლაში არა გამოცდებისთვის, არამედ მიეღო ცოდნა და სათანადო უნარები, რომლიც ცხოვრებაში დაეხმარება მას. ჩვენ შევისწავლეთ 2012 წლის პირველ კვარტალში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ბრიტანეთის, ამერიკის, გერმანიის და ყველა იმ ქვეყნის სადაც განათლების სისტემა არის კარგად განვითარებული. ამ კვლევის შედეგად ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სისტემა, რომელიც არსებობდა საქართველოში ანუ 8 საატესტატო გამოცდა და პლუს 4 ეროვნული, ყოფილიყო შეცვლილი და ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას 8 საატესტატო გამოცდა და პლუს 1 უნარებში“ - აცხადებს შაშკინი.
მისივე თქმით, საატესტატო გამოცდები ჩაყლაპავდა ეროვნულ გამოცდებს, ეს რვა გამოცდა ჩატარდებოდა სკოლებში და ერთი ჩატარდებოდა საგამოცდო ცენტრებში როგორც ახლა ხდება.
რაც შეეხება ამ სისტემის მნიშვნელობას, შაშკინი ამბობს, რომ ,,ამით ჩვენ, პირველ რიგში, მივიღებდით იმას, რომ მნიშვნელოვანი გახდებოდა სკოლაში სწავლა და კიდევ უფრო დიდი წონა ექნებოდა ატესტატს. მეორეს რაც შეეხება, გვექნებოდა გარანტია იმისა რომ გამოცდები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გეგმას. ასევე უნივერსიტეტებს ექნებოდათ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და ყველა უნივერსიტეტი დააწესებდა თუ რომელ საგნებში მიღებული ნიშანი უფრო პრიორიტეტულია“.
სანიკიძის რეფორმას მისი წინამორბედი მავნებლურს უწოდებს და ამბოს, რომ დღევანდელი სისტემის მიმართ პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვმა სკოლაში უნდა იაროს არა გამოცდებისთვის, არამედ ცოდნისთვის, მისი თქმით, მოსწავლე სრულად გადართული იქნება არა სკოლაში ცოდნის შეძენაზე, არამედ გამოცდებისთვის მზადებაზე.
,,ის გეგმა რომელიც ჩვენ გვქონდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ახალმა მინისტრმა ჯერ მარგველაშვილმა და მერე სანიკიძემ საგულდაგულოდ დამარხეს და თქვეს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ და დატოვებენ იმას, რაც არის.
გავიდა 2 წელი და რამდენიმე დღის წინ სანიკიძე ზარზეიმით აცხადებს ამ პროექტზე, რომელიც უკვე ბოლომდე გვქონდა მიყვანილი ეხლა ვიწყებთ მუშაობას. ეს არის კლასიკური მავნებლობის მაგალითი, რომელიც თავისი არაკომპეტენტურობით ეს რეფორმა მოკლეს და ჩაგდეს წყალში და ეხლა თურმე ფიქრობენ, რომ დაიწყონ ამაზე მუშაობა და ამათ ხელში რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროექტის გაკეთებას, კაცმა არ იცის.
როდესაც შემოვიღეთ ეს პროექტი ჩვენ მაშინათვე არ დავიწყეთ ამ პროექტის მუშაობის რეჟიმში გასვება ჩვენ გვსურდა 2013 წელს გაგვეშვა. ანუ ბავშვებს ექნებოდათ დაახლოებით წელიწად ნახევარი ამისთვის მოსამზადებლად და კვლავ ვიმეორებ, რომ ეს სისტემა ბავშვებისთვის ბევრად მარტივი და იოლი იქნება, ეს სისტემა მოკლავს რეპეტიტორების პრობლემას და მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი თანხა იხარჯება სწორედ რეპეტიტორთან მომზადებისას. ახლა ხომ აბარებენ ბავშვები სააატესტატო გამოცდებს, ზუსტად ასევე ჩააბარებდნენ გამოცდებს, რომ მიეღოთ ატესტატი. ზოგს დაეწერება ვთქვათ ათიანი, ზოგს - ცხრიანი. დაახლოებით 6 თვით ადრე უნივერსიტეტები გამოაქვეყნებდნენ ნიშნებს, რომელიც მათ აწყობთ სხვადასხვა საგნებში, მაგალითან მათ 8 სურთ მათემატიკაში, 9 ისტორიაში, 10 ქართულში და ა.შ. და მერე უკვე ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ბავშვები ჩააბარებენ უნარებს. დაფინანსება იქნებოდა მიბმული უშუალოდ ნიშნებზე და უნარების გამოცდის შედეგზე.
ყველაფერი ეს მომზადებული და აპრობირებული იყო. მავნებელმა სანიკიძემ ეს რეფორმა წყალში ჩააგდო და გაანადგურა რეფორმა. 2 წელი გავიდა და ახლა თურმე გადაწყვიტა, რომ ახლიდან დაიწყოს ამაზე ფიქრი. იმდენი ნამუსი მაინც ჰქონდეს მას, რომ აღიაროს შეცდემის დაშვება და ახლა იწყებს იგივეზე ფიქრს“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






