„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს ინტერესების შეუსაბამოს უწოდებს.
მათი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, შესაბამისად არ უპასუხა.
“ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საკუთარ გამოსვლაში, ფორმალურად მაგრამ მაინც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ტყუილს გასცემდა პასუხს - იტყოდა რომ ორივე რეგიონი შედიოდა დამოუკიდებელი და საერთაშორისოდ დე-იურე აღიარებული დემოკრატიული საქართველოს საზღვრებში რომელიც საბჭოთა რუსეთმა სამხედრო აგრესიის გზით დაიპყრო. სამწუხაროდ, ღარიბაშვილმა ამ პრინციპულ ტყუილზე არაფერი თქვა ამ სიცრუის არუარყოფით კონფერენციის დამსწრეთ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ კოსაჩოვის მტკიცება სიმართლეა და რუსეთმა უბრალოდ დაიბრუნა ის რაც სტალინმა საბჭოთა საქართველოს „აჩუქა.“
ამასთან, პრემიერმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ბოლოს, როცა პრემიერს კითხეს თუ რა აზრის იყო კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, მან კითხვა უბრალოდ ვერ გაიგო და უპასუხოდ დატოვა.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რომ საქართველოს ყავს არაკომპეტენტური მთავრობის მეთაური რომელსაც არ გააჩნია ქვეყნის ინტერესების დაცვის უნარი და საჭირო ცოდნა“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






