ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ალეხანდრო ბლანკოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის - „თბილისი 2015" მზადებას. თბილისის მერმა განსაკუთრებული აქცენტი ფესტივალის შემდგომ, ოლიმპიადის ფარგლებში დედაქალაქში აშენებული ობიექტების დატვირთვაზე გაამახვილა. ალეხანდრო ბლანკომ დავით ნარმანიას ამ კუთხით ესპანეთის გამოცდილება გაუზიარა.
ალეხანდრო ბლანკოს თქმით, ესპანეთს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და იგი საქართველოს დაეხმარება როგორც ევროპული გამოცდილების გაზიარებაში, ისე საერთაშორისო კონგრესებისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში.
დავით ნარმანიამ ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ივლისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოიპატიჟა. მანამდე კი ალეხანდრო ბლანკო თბილისს ობიეტების დასათვალიერებლად ეწვევა.
ალეხანდრო ბლანკოსთან შეხვედრამდე დავით ნარმანია სპორტის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანს მიგელ კარდინალ კაროს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






