მიუნხენში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სესიაზე - "უკრაინის მიღმა - გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში", სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს მსოფლიოს სათანადო ყურადღება რომ გამოეჩინა, უკრაინის მოვლენებისთავიდან აცილება შეიძლებოდა.
"დღეს უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მეც ძალიან ვწუხვარ უკრაინის კრიზისის გამო, მაგრამ უკრაინამდე იყო საქართველო, 2008 წელს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"2008 წელს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები არავის შემოუღია და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება სათანადო არ ყოფილა, შედეგი კი უკრაინის კრიზისია. მე ვიტყოდი, ეს გაგრძელებაა. ყველას მინდა შევახსენო, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა 22 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ კონფლიქტი არ მოგვარებულა. სცენარი თითქმის იგივეა, რაც რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების შემთხვევაში. 90-იან წლებში გააქტიურდნენ ე.წ. დროის ნაღმები და მივიღეთ 400 000-ზე მეტი დევნილი. ჩატარდა ქართველების ეთნიკური წმენდა. სიტუაცია დრამატულია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ "მსოფლიომ დაივიწყა საქართველოს პრობლემები. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს 2008 წელს დაიწყო".
მასალის გამოყენების პირობები






