რუსული ტელეარხი HTB საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული მრავალსერიანი ფილმის „9+1“-ს გადაღებას გამოეხმაურა და ამ საკითხს სპეციალური სიუჟეტიც მიუძღვნა.
სიუჟეტის ავტორის განცხადებით, სერიალის სავარაუდო რეჟისორი გიორგი ხაინდრავაა, რომელმაც ადრეც გადაიღო ფილმი სააკაშვილზე - “დემოკრატიული შუქურა“.
„მე არ ვაპირებ საპნის ოპერის გადაღებას, სერიალების, რომლებზეც დიასახლისები სამზარეულოში ტირიან, მე მინდა გადავიღო სერიოზული სურათი, ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ მივედით იქმდე, რომ სახელმწიფოს სათავეში ეს შიზოფრენიკი, ბოროტი შიზოფრენიკი მოვიდა,“ - აცხადებს ხაინდრავა HTB-ს კორესპონდენტთან საუბარში.
სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ ხაინდრავას მიაჩნია, რომ იმ პროცესებში, რომელიც განვითარდა საქართველოში დასავლეთია დამნაშავე.
„ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის, მე ვიყავი ამ პროცესების მონაწილე და მე შიგნიდან ვიცი ამ რეჟიმის ანატომია,“ - ამბობს ხაინდრავა, რომელსაც დიდი იმედი აქვს რომ ამ ფილმს ნახავენ საზღვარგარეთაც.
„პატარა ქვეყანაში ის დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. ახლა იგივე ძალები ცდილობენ სააკაშვილის მთელი გუნდი, ეს ბანდა კრიმინალებისა და ბანდიტებისა, უკრაინაში გადაისროლონ, ესეიგი იქაც არსებობს გარკვეული გეგმები, რომელიც აქვთ ამ საერთაშორისო ბნელ ძალებს,“ - აცხადებს ხაინდრავა.
სიუჟეტის ავტორს ასევე მოჰყავს კახა კუკავას მოსაზრებაც, რომელიც არ ეთანხმება მხატვრული ფილმის გადაღების იდეას, რადგან აქ ნათლად ჩანს პოლიტიკური დაკვეთა. იგი თვლის, რომ მოსახლეობას სააკაშვილზე მხატვრული ფილმები კი არ აინტერესებს, არამედ დოკუმენტური კადრები იმ სასამართლო პროცესებიდან, რომელზეც გასამართლდება მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაულებები.
მასალის გამოყენების პირობები






