საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ საკააშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკაზე კიევიდან ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, მაშინ როდესაც მსოფლიო ფოკუსირებულია სირიის კონფლიტზე, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ტერორიზმთან ბრძოლაზე, რუსეთმა დრო იხელთა და უკრაინას დაესხა თავს.
„ ის, რაც დღეს ხდება დიდი გეოპოლიტიკური დრამაა. მთელი ევროპა და აშშ უკრაინას გადარჩენისთვის ბრძოლაში უნდა დაეხმაროს. ძალიან დიდი დებატები მიმდინარეობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არსებობს სიტუაციები, როცა იარაღს იარაღით უნდა უპასუხო. უკრაინას ნამდვილად სჭირდება დამხარება, რადგან ვხედავთ რა დარტყმებს ახორციელებს პუტინი. დღითიდღე იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პუტინს კარგად ესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა. „პუტინს გაუჩნდა შიში, რომ ამერიკამ შესაძლოა უკრაინა იარაღით მოამარაგოს. ვფიქრობ, ამ ფაქტორების ფონზე ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის“ -აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშილის თქმით, უკრაინა რუსეთთან ბრძოლას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს.
„მინდა შევახსენო დასავლეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება, მათ დახმარებაზეა დამოკიდებული"- განაცხადა სააკაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






