ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გოგა ხაინდრავას მიერ SIDA-ს მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს განცხადებით პასუხობს.
NDI-ს ცნობით, ინფორმაცია, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ NDI-ს პროგრამების დაფინანსებას აკრიტიკებს, კონტექსტიდან ამოვარდნილ ფაქტებს მოიცავს.
"საქართველოში გავრცელებული სტატიები და განცხადებები შვედეთში გამოქვეყნებულ სტატიებს ეფუძნება, რომელიც წარმოადგენს არა ჟურნალისტიკას, არამედ, ერთი შეხედვით, ავტორების - იონე უოლსტრომისა (Johannes Wahlstrom) და ლიზა როსტლანდის (Lisa Rostlund) - პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახავს. სტატიის გამოქვეყნებამდე არცერთი მათგანი კომენტარისთვის NDI-ს არ დაკავშირებია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ სტატიებში მოყვანილი დეზინფორმაცია რუსულ მედიაში განმეორდა. NDI-ის დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის - საქართველოში Sida-ს მიერ დაფინანსებული პროგრამები, ყოველთვის მიმდინარეობს დონორებთან დადებული შეთანხმების და იმ ქვეყნის კანონმდებლობის სრული დაცვით, სადაც ეს პროგრამები ხორციელდება. ინსტიტუტს გააჩნია მკაცრი ფინანსური რეგულაციები, რაც თანხების მიზნობრივად გამოყენებას უზრუნველყოფს და ორგანიზაცია ასევე ანგარიშვალდებულია დონორების წინაშე. ამას გარდა, NDI რეგულარულად ატარებს საკუთარი საქმიანობის აუდიტს.
NDI-ის კიდევ უფრო ღრმა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს სტატიები რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI-Georgia) - და მათი ხელმძღვანელების მიმართ ფართომასშტაბიანი ბრალდებებისა და მუქარების გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის თაობაზე შვედეთში მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ ორგანიზაციების კეთილსინდიერების ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნური და დამაბნეველია. ერთი შეხედვით, ეს არის ბოლოდროინდელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ცრუ ინფორმაციის გამოყენებით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, მონიტორიგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






