სასჯელაღსრულების მინისტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ გუშინ გვიან ღამით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში ოთხი პატიმარი გადაიყვანეს.
ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც ვიცი, ერთ მათგანს ასთმური შეტევა ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული დაახლოებით 50 კლინიკასთან და იმ სერვისებს, რომელსაც ვერ ვაწვდით ადგილზე, აღნიშნულ კლინიკებში გადაგვყავს პატიმრები. შარშან დაახლოებით 5 000-მდე პატიმარი იყო ასე გაყვანილი და არავითარ გადაუდებელ აუცილებლობას და განსაკუთრებულ შემთხვევებთან ადგილი არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პატიმრების ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული, თუმცა ეს ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტრომ უარყო.
მასალის გამოყენების პირობები






