როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , ბურჯანაძემ როდესაც ეს სიტყვა ხელისუფლების მისამართით თქვა, ეს იყო მექანიკური შეცდომა და არ ისახავდა მიზნად დაუნის სინდრომის მქონეთათვის ტკივილის მიყენებას.
"ნინო ბურჯანაძე რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაშვებული მექანიკური გადაცდომის გამო წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნებლიედ ტკივილი მიაყენა. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს იყო შეცდომა და ნამდვილად არ ისახავდა მიზნად ადამიანებისთვის, მით უფრო დაუნის სინდრომის მქონეთათვის ტკივილის მიყენებას", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ საქართველოს მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლების არასწორი ქმედების ბრალია.
ბურჯანაძემ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია და ხელისუფლების არასწორ ქმედებას დაუნიზმი უწოდა :
„სულაც არ არის გასაკვირი ამ ტიპის განცხადებების ამ ორგანიზაციის ანალიზში მოხვედრა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს წაუყენებ იმ ბრალდებას რა ბრალდებებიც წაუყენეს, როცა დაუყადაღებ ბებიამისის 12 წლის მანქანას რა თქმა უნდა უნდა ელოდო რომ ამ დაუნიზმზე შესაბამისი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას.“- განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






