ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უკრაინასთან მიმართებაში ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს ( და „ამის იქით, გარდა გახურებული თავებისა, მე ვერ ვხედავ საქართველომ რა შეიძლება გააკეთოს“) თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმაურება .
დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბარში, ბიძინა ივანიშვილს იმ საკითხებზე მიუთითებს, რომელიც საქართველომ უკრაინასთან მიმართებაში უნდა გააკეთოს და არ აკეთებს.
„პირველი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მუშაობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, იმისათვის რომ როდესაც კეთდება რაიმე განცხადება ან რეზოლუცია უკრაინასთან დაკავშირებით, როცა გმობენ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, უნდა იყოს აღნიშნული რომ ასევე გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
მეორე- საქართველოს საგარეო სამინისტრომ უნდა დაავალოს ყველა საელჩოს, რომ გამოიყენოს თავისი დიპლომატიური კავშირები, იმისათვის რომ გავრცელდეს ინფორმაცია უკრაინის შესახებ, ჩვენი სადიპლომატო წყაროების მეშვეობით, რაც ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს ხელს შეუწყობს საინფორმაციო ომი მოუგონ რუსეთს და საერტაშორისო პარტნიორებთან თავისი სიმართლე მიიტანონ,
მესამე- თავდაცვის სამინისტრომ უნდა გააგზავნოს მობილური ჰოსპიტალი, რომელიც არსებობს მის განკარგვაში და დაეხმაროს ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს დაჭრილების მოვლაში.
მეოთხე- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შესთავაზოს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა, რომელიც დაჭრილების საკითხს ეხება. საბრძოლო მოქმედებების არეალიდან გამოყვანილი და დაღუპული და დაჭრილი მეომრების ბავშვები უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო პროგრამები.
მეხუთე- საქართველოს განათლების უწყებამ უკრაინის შესაბამის უწყებას უნდა შესთავაზოს სტუდენტების გარკვეული რაოდენობის მიღება , რათა ამით თავისი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს უკრაინას ამ რთულ პერიოდში.
მეექვსე- ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუძლია ოფიციალური განცხადებით გამოთქვას მზადყოფნა, რომ დეოკუპაციის შემდეგ მზად არის ჩაერთოს უკრაინაში ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენაში.“- აცხადებს შაშკინი.
დიმიტრი შაშკინის თქმით ამ წუთისთვის მთელი მსოფლიო ღიად დგას უკრაინის გვერდით, იმიტომ რომ უკრიანაში წყდება დედამიწის და მსოფლიოს ბედი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის წინაშე დაჩოქებამ არანაირი დადებითი შედეგი არ გამოიღო, პირიქით საქართველო მსოფლისო ყურადღების მიღმა დარჩა და რადარებიდან გაქრა:
„ ჩვენ გვიცხადებდნენ , რომ რუსეთის წინაშე დაჩოქება რაღაცას მოგვიტანს , მაგრამ ამ 2 წელწადში დავრწმუნდით, რომ ეს არაფრის მომტანია. ახლა როდესაც მსოფლიოს რადარებიდან გაქრა საქართველო და მსოფლიოს მხოლოდ უკრაინა ახსოვს. წყალივით გვჭირდება რომ ყურადღება მოგვაქციოს მსოფლიომ.“- აღნიშნავს შაშკინი და აცხადებს რომ უკრაინა არის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, ამავდროულად საქართველოს და უკრაინს ერთი მტერი ყავს.
„უკრაინა ისეთი ქვეყანაა, რომელიც ჩვენს მიერ გაწეული დახმარების ერთ გრამს, გაათასმაგებულად დაგვიბრუნებს როდესაც დაგვჭირდება.“- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






