განათლების სამინისტროს ახალ რეგულაციას, რომლის ინიციატორიც თავად მინისტრი თამარ სანიკიძეა და რომელიც სკოლაში ბავშვის მიღების ასაკის ქვედა ზღვრად 6 წელს ითვალისწინებს, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა.
როგორც დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, ამ რეგულაციის შემოღებით თამარ სანიკიძემ კიდევ ერთი, დიდი მავნებლობა ჩაიდინა.
განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს სკოლაში შესვლის ასაკი ნებაყოფლობითი წესით იყო დადგენილი და იყო 5 წელი, მშობელი კომპეტენტურ ადამიანებთან კონსულტაციის შედეგად წყვეტდა, იყო თუ არა მისი 5 წლის შვილი სკოლისთვის მზად.
შაშკინი განცხადებით, სტატისტიკის თანახმად წელწადში 40 ათასი 5 წლის ბავშვისგან 18 დან 20 ათასამდე ბავშვი მიდიოდა სკოლაში, და მათი უმრავლესი ნაწილი ამჟამად წარმატებულად სწავლობს სკოლაში.
„ამ პერიოდში იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა, ძალიან კომფორტულად შეეგუა სკოლის გარემოს და დაიწყო სწავლა.“- აღნიშნავს შაშკინი.
განათლების უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, წინა ხელისუფლების დროს სკოლაში ბავშვის შესვლის ქვედა ზღვრად 5 წლის ასაკის დადგენა მსოფლიო პრაქტიკის შესწავლის შედეგად მოხდა.
„5 წლის ასაკიდან სკოლაში სწავლა დაშვებულია ასეთ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის: ავსტრალია, მალტა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატები. გერმანიაში არის 6 წელი, ესტონეთში კი 7 წელი. საყურადღებო მომენტი რაც ამ კვლევის დროს გამოიკვეთა არის ის, რომ ის ქვეყნები სადაც ბავშვებს სკოლაში 6 წლის ასაკიდან უშვებენ, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საბავშვო ბაღებს, ძირითად ქვეყნებში საბავშვო ბაღის ეტაპის გავლა სავალდებულო იყო და სახელმწიფოს მხრიდან ამის წახალისება ხდებოდა. ბავშვები დადიოდნენ საბავშვო ბაღში, რომელიც არ იყო ჩვენი გაგებით საბავშვო ბაღი, არამედ რეალურად იყო მოსამზადებელი სკოლის კლასი. ხაზს ვუსვამ, იმ ქვეყნებშიც სადაც სკოლაში მისვლის ასაკი იყო 6 წელი, საბავშვო ბაღის ბოლო წელი რეალურად ასრულებდა მოსამზადებელი კლასის ფუნქციას.“- აცხადებს შაშკინი.
შაშკინის თქმით, სანიკიძემ „კომუნისტების“ დროს არსებულ კანონზე უარესი კანონი მიიღო, რადგან სანიკიძის მიერ შემოღებული რეგულაცია გამონაკლისებს არ ითვალისწინებს და სკოლაში მისვლის უფლებას არ აძლევს იმ ბავშვებსაც კი, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უსრულდებათ.
განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის აზრით, სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოშობს.
„2015-2016 სასწავლო წლიდან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ საბავშვო ბაღებს, დაახლოებით 20 ათასი ბავშვი, რომელიც 5 წლის ასაკში აპირებდა სკოლაში მისვლას, მიაწყდება ისევ საბავშვო ბაღებს.
ასევე დაიწყება ექსტერნად ხტუნაობა კლასებში, რაც სკოლებში კორუფციას გამოიწვევს, ეს თავისთავად სასწავლო პროცესისთვისაც ცუდი იქნება. დაირღვევა 12 წლიანი სასწავლო ციკლი, რომელიც „ბოლონიის პროცესის“ მიერ ოპტიმალურ ვარიანტადაა მიჩნეული.“- აცხადებს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






