საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური პროცესების გათვალისწინებით „დალხენილი წელი“ არ იქნება და საქართველოს მთავრობა გამოწვევებს გაათმაგებული მობილიზებით უნდა შეხვდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს ბიუჯეტის შესრულების მონაცემების ყოველთვიური წარდგენა მოსთხოვა.
"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი დავაფიქსიროთ, ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ხარჯვით ნაწილს, ყველგან ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომ თუ რომელიმე უწყება არგუმენტების გარეშე ვერ მოახდენს თანხების ათვისებას, ან ეფექტურად გახარჯვას, ეს თანხები მიმართული იქნას სარეზერვო ფონდში და გამოიყენონ სხვა უწყებებისთვის და სხვა მიმართულებით მიზნობრივად.
მასალის გამოყენების პირობები






