გუშინ ჩვენი უსურიის ვეფხვის, სალიმას ბოკვერმა (მართალია უკვე დიდი და ძონძროხა გოგოა, მაგრამ მაინც ბოკვერია) ოპერაცია გადაიტანა. ვეფხვს ეშვი ჰქონდა დაზიანებული. სავარაუდოდ ხეებითა და ძვლებით თამაშის დროს მოიტეხა კბილის წვერი, საიდანაც ინფექცია გავრცელდა და მალე მთლიანი ეშვი გაუშავდა. რამდენიმე ხნის წინ დავაძინეთ და დავუმუშავეთ, მაგრამ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაბჟენა არ იქნებოდა საკმარისი და მისი ამოღება იყო საჭირო.
ეშვის ექსტრაქციის პროცედურა კლინიკა Royal Dent-მა ითავა, თანაც სრულიად უსასყიდლოდ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დაზიანეული ეშვი სარძევე კბილი აღმოჩნდა. მისი ამოღების შემდეგ ახალი ეშვის ჩანასახი გამოჩნდა, ასე რომ, ჩვენი ლამაზი გოგო არ დამახინჯდება და უკბილოდ არ მოუწევს დარჩენილი ცხოვრების გატარება. მალე ახალი, ჯანმრთელი კბილი ამოუვა და კვლავაც ჰოლივუდური ღიმილით მოხიბლავს დამთვალიერებლებს. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და საღამოს დედას და და-ძმებს დაუბრუნდება.
თბილისის ზოოპარკის სახელით ძალიან დიდ მადლობას ვუხდით კლინიკა Royal Dent-ს, ქირურგ გიორგი ღვინიაშვილს და მის ასისტენტებს, ნათია შალიკაშვილსა და ნინო ასანიშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






