სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში პატიმრები წამლებს და სამედიცინო მომსახურებას ითხოვენ. პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, ოთხმა მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა - ერთმა ჭანჭიკი და საწერი კალამი გადაყლაპა, სამმა კი თერმომეტრები.
ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეშვიდე დაწესებულებაში საერთო ჯამში პროტესტის ნიშნად 10 პატიმარი შიმშილობს.
„არ შეიძლება ადამიანს ელაპარაკო არაადამიანური ფორმით. როგორც შეიძლება ადამიანს აუკრძალო კვების პროდუქტის შეძენა, ჰაერის მიწოდება? რა ფორმაა ეს? ეს არის უკიდურესი ფორმა, რაც აფრიკის ქვეყნებშიც შეიძლება არ იყოს. სწორედ ეს არაადამიანური პირობები გააპროტესტეს პატიმრებმა და ზოგმა თერმომეტრი გადაყლაპა, ზოგმა კალამი, ზოგმაც ჭანჭიკი,” - განაცხადა პატიმარ ლაშა ბუხნიკაშვილის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






