28 იანვრის სხდომაზე მობილური ოპერატორების ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი გამოცხადდება.
ამავე სხდომაზე, კომისია მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლის თაობაზე იმსჯელებს, რომელშიც რამდენიმე ტელეკომპანიის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები მონაწილეობდნენ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანების მონაწილეობა კომერციულ რეკლამაში აკრძალულია. მართალია, აღნიშნული სარეკლამო რგოლი ეთერში გასვლის მერე რამდენიმე დღეში მოიხსნა და დარღვევა აღმოფხვრილია, თუმცა კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საკითხს საჯარო სხდომაზე განიხილავს. საკითხის განხილვაში ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“, ასევე სარეკლამო რგოლის დამკვეთიც „ჯეოსელი“ იქნებიან ჩართულნი.
28 იანვრის სხდომაზე კომისია რადიო „იმედის“ ეთერში განთავსებულ იარაღის რეკლამის თაობაზეც იმსჯელებს. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. აღნიშნულ შემთხვევაშიც სარეკლამო რგოლი ეთერიდან მოხსნილია და დარღვევა აღმოფხვრილია.
ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას ხვალ, 28 იანვარს 16:00 საათზე მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






