სახალხო დამცველი სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებულ შემადგენლობასთან ორ დღიან სამუშაო შეხვედრას მართავს, სადაც განხილული იქნება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. პირველ ეტაპზე, საკონკურსო კომისიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის 22 წევრი შეარჩია, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის გამოცდილების მქონე 8 იურისტი, 3 სოციალური მუშაკი, 4 ექიმი, 2 ფსიქიატრი, 3 ექსპერტი დისკრიმინაციის საკითხებში, 2 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ექსპერტი.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ახლად შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრებიც ესწრებიან, განსახილველი საკითხები მოიცავს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების უფლება-მოვალეობებს, თანამშრომლობის წესებსა და პირობებს, ასევე პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრის მიმდინარეობისას გაანალიზებული იქნება პრევენციის ეროვნული მექანიზმის წინაშე მდგარი გამოწვევები და გადაჭრის გზები, განხილული იქნება პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2014 წლის სამოქმედო გეგმა.
სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს სპეციალური პრევენციული ჯგუფში დამატებით წევრების შერჩევის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






