საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობას ვერ გააღვივებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ განვახორიცელეთ რუსეთთან ნორმალიზაციის მცდელობა. ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნეთ რუსეთთან ერთის მხრივ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მეორეს მხრივ პოლიტიკური ურთიერთობების სფერო. რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, ჩვენ გარკვეულ გაუმჯობესებას მივაღწიეთ. რუსეთმა თავისი ბაზარი გაუხსნა ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს და ასე შემდეგ. მეორე მხრივ პოლიტიკური კუთხით არავითარი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. პირიქით, რუსეთმა გადაწყვიტა არ უპასუხოს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით. ორი თვის წინ რუსეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან. რუსეთის დუმამ კი მოახდინა ამ შეთანხმების რატიფიცირება. რუსეთი მსგავსი შეთანხმების გაფორმებას სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. ჩვენ ამ შეთანხმებას ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ. ჩემი აზრით, ეს ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს ვერც ურთიერთნდობის გაღვივებას. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას მივაღწიოთ და წამოვიწყოთ შერიგების პროცესი აფხაზეთში და ოსეთში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






