საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ბარნოვის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს სურს საზოგადოების უკმაყოფილების ვექტორი კვლავ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ შეცვალოს და ამ მიზნით იგი მის მიერ მართულ სხვადასხვა ძალებს აქტიურად იყენებს. „ნიუპოსტი“ ბარნოვის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"პერსონაჟთა კომიკურობის მიუხედავად, თავად ეს კამპანია, რომელშიც მონაწილეობენ ამაშუკელი, ინაშვილი და თარხან-მოურავი, ბურჯანაძე, კორკოტაშვილი და ძმანი მისნი, სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს:
როგორც ჩანს, ივანიშვილი დარწმუნდა, რომ "ქართული ოცნება" ლეგიტიმაციას მალე სრულად დაკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობას წერტილი დაესმება.
თუმცა, მან ნახა "გამოსავალი" - გაააქტიურა უბნელესი ძალები, რომელთაც ამოცანად დაუსახა ერთის მხრივ - არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები (რადგან ვინც გადააგდებს ხელისუფლებას, სათავეშიც ის მოვა), მეორეს მხრივ კი - აგრესიის კვლავ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე გადატანა.
ანუ, ივანიშვილს სურს, რომ ხელისუფლება შეცვალოს კვლავაც მის მიერ მართული ძალებით, საზოგადოების უკმაყოფილების ვექტორი კი კვლავაც სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაკენ მიმართოს. ცხადია, ის არას დაგიდევთ, რომ მის მიერ ხელდასხმული უბნელესი ძალები ქვეყანას საბოლოოდ მოუთავებენ ხელს.
სცენარი ასე გამოიყურება: "ასავალ-დასავალის", სტუდია "ობიექტივის" და მათი მსგავსი "მედია საშუალებების" მიერ ინტენსიურად ხდება საზოგადოების გარკვეული სეგმენტის მობილიზება პერმანენტული აქციებისთვის. მათ პროტესტი უნდა გამოუცხადონ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ნაციონალების სათანადო დასჯა ვერ მოახერხეს. არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ მომიტინგეთა მობილიზებაში დიდი ფულიც აქტიურად მონაწილეობს.
ძალიან საეჭვოდ, არეულობის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდება ჩვენი საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი სისასტიკით და მართლაც საზარელი სცენარით ჩადენილი მკვლელობა, როდესაც შვილის საფლავს მამა დააკლეს.
თუმცა, საჯაროდ არავის გამოუთქვამს ეს ეჭვი - ხომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ახალი არეულობების ინსპირატორებსა და ამ მკვლელობას შორის? ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს საწყალი ბავშვის, ბარბარა რაფალიანცის, ისტორია, რომელიც ქართული ოცნების ყველა ფრთამ სარფიანად გამოიყენა და შემდეგ ეს საქმე გამოუძიებელი დაადგეს? არ არის უცნაური, რომ ეჭვსაც კი არავინ გამოთქვამს დღეს?
ამჟამად ზიზღის მთელი კამპანია მიმართულია ეფემერული "მკვლელი ნაციონალების" წინააღმდეგ იმის მიუხედავად, რომ არც ფაქტობრივად და არც ლოგიკურად არათუ მტკიცებულება, ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობაში "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები დაინახოს ვინმემ.
ამასობაში, არსებულ ხელისუფლებასა და ქაოსის ინსპირატორებს შორის ახლო კავშირები არც იმალება. მაგალითად, ამ დღეებში პატივცემული ამაშუკელის ქალიშვილი კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირი ხდება... როგორც ჩანს, მამას შრომა დაუფასდა... ასეთი მაგალითი ალბათ ძალიან ბევრია და, დარწმუნებული ვარ, ვინც მსგავს საკითხებს თვალს ადევნებს, გაცილებით მეტის თქმასაც შეძლებს.
ძნელია აქ რუსეთის ინტერესებიც დავინახოთ? ვფიქრობ, საღ გონებაზე მყოფ ადამიანს ნამდვილად არ გაუჭირდება ამ კავშირის დანახვა. ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილი და გრუ ცდილობენ, სისრულეში მოიყვანონ რუსული გეგმის მეორე ნაწილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო დანგრევასა და საქართველოს სახელმწიფოს სრულ განადგურებას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, ამ გეგმის განხორციელებაში მათ უდრტვინველად უწყობენ ხელს კაპიკებზე დახარბებული, გაუნათლებელი, უღირებულებო ადამიანები, რომლებიც ისევდაისევ რუსეთის დამანგრეველი ისტორიული როლის "წყალობით" მრავლად მოგვეპოვება ჩვენს საზოგადოებაში.
მათი ზოგიერთი წარმომადგენელის გვარის დასახელება ზემოთ მომიწია, თუმცა სხვებიც მრავლად არიან და მათ უმრავლესობას არც კი ვიცნობთ. ეს არის ხალხი, რომლებიც ინაშვილის დაძახილზე ბათუმში გამოვიდნენ, ეს არის ხალხი, რომლებიც ისევ ამ ბატონებისა და ქალბატონების დაძახილზე თბილისში გამოვლენ, გამოვლენ კიდევ მრავალჯერ და მრავალ ადგილას, საღამოს კი შვილებს საკუთარი სამშობლოს სისხლში ამოსვრილ პურს შეაჭმევენ. ისინი არასოდეს იფიქრებენ, რომ მათი მათხოვრობა მათივე ბრალია. მუდამ დახარბდებიან ადვილ ლუკმას და არც იმ საფასურს დაგიდევენ, რასაც მათ ლუკმაში ჩვენ გადავიხდით. მათ ეზიზღებათ ჩვენი საზოგადოება. ვისაც არ სჯერა, თუნდაც ამ ვიდეოჩანაწერებს მოუსმინოს."- წერს ანდრო ბარნოვი.
მასალის გამოყენების პირობები






