უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ისინი გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატებს შესთავაზებენ.
ბაქრაძე მიიჩნევს, რომ თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და ის საზოგადოებას პოლიტიკური დაპირისპირების და პოლიტიკური ბატალიების მონაწილედ არ უნდა ახსოვდეს.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, მათ შორის სასურველია ეს დადასტურებული იყოს საერთაშორისო პრაქტიკითაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეფასებით, საჭიროა ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ორ კრიტერიუმს, ანუ პოლიტიკურ ნეიტრალურობას და პროფესიონალიზმს. ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები პრეზიდენტის მიმართ, თუ ვის განვიხილავთ ამ თანამდებობაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პირველი პირის მისაღებია. იმედი გვაქვს, პრეზიდენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს დემოკრატიას სჭირდება და არა ისეთს, რომელიც აწყობს უმრავლესობას და იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამომხატველი. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცე გეტყვით, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არასდროს არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში გარეულნი არ ყოფილან“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






