უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია იმ მოწმის ვინაობა, რომელზეც გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი საუბრობდა.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ძალიან განიცდის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება ხელშესახებ შედეგამდე არ მივიდა.
„მე ვიცი ის პიროვნება, რომელზეც ბატონი იური საუბრობდა, ვიცი ვინ არის, სად იმყოფება და რა ინფორმაციის მატარებელია. თუ აღმოჩნდა, რომ ძალოვან უწყებებში არიან პირები, ვინც მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებდნენს, ამ შემთხვევაში სხვა პროცესი წავა და ამ პროცესს სერიოზული ხასიათის საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს. ძალიან განვიცდი, რომ ორი წელი დასჭირდა იურის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოძიება მისულიყო ხელშესახებ შედეგებამდე“ , - განაცხადა ქუცნაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტთან ერთად, კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთ იმ მთავარ მოწმეს უნდა გასაუბრებოდა, რომელმაც 9 წლის შემდეგ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალი გარემოებების გამჟღავნება გადაწყვიტა.
საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც სპეცოპერაციის ჩატარებიდან და დაკითხვიდან მალე საქართველო დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






