საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო თამაზაშვილი გაზეთ "ქრონიკა +"-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ის და ზვიად ჯანყარაშვილი ბიზნესმენ თემურ უგულავასთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
თამაზაშვილი ამბობს, რომ თემურ უგულავს არც კი იცნობს.
"წავიკითხე ეს სტატია, რა ხდება?! ფანტაზიები მოაკლდა ქართულ პრესას?!! ან გადააამოწმონ ან შეკითხვა დასვან, იქნებ ვუდასტურებ ამ ყველაფერს?! ასე, არ შეიძლება!! წერთ, რომ "წყარომ" მოგვაწოდა ინფორმაციაო და არც ამოწმებთ ისე ავრცელებთ ამ ამბავ-სისულელეს. მასეთი "წყარო" უთვალავია და ასეთი ამბავის მომგონიც, დამწერიც და გამავრცელებელიც ერთ დღეს შეიძლება, თვითონ გახდნენ, რაიმე მოგონილი სიუჟეტის სუბიექტები .. ვფიქრობ, ახლა რა უნდა ვქნა , გამოვიდე ვიყვირო ტყუილია ხალხო არ დაიჯეროთ?! ჩივილს აზრი არ აქვს. .. არ არსებობს კანონი, ცილისწამების შესახებ.. მაგრამ ჟურნალისტის ეთიკა ხომ არსებობს?!! თუ ესეც პირობითია, ვის როგორ და სად გაახსენდება, რომ ჟურნალისტია და სამართლიანი უნდა იყოს?! მოდით ასე მოვიქცეთ , გაარკვიეთ ყველა "წყარო" გამოიყენეთ და არათუ შეხვედრის და საუბრის რეალობა არამედ ის მაინც დაამტკიცეთ, რომ ოდესმე ხელი მაინც მაქვს ჩამორთმეული იმ პიროვნებასთან ან რაიმე სახის ნაცნობობა მაკავშირებს. თქვენ თუ ამას დაამტკიცებთ, პირობას გაძლევთ , საქყვეყნოდ ვაცხადებ , რომ არამარტო დეპუტატის მანდატს, არამედ ქვეყანასაც დავტოვებ! ამას თუ ვერ შეძლებთ, ვიტოვებ უფლებას, რომ მატყუარა და ცრუ ჟურნალისტებად მოგიხსენიოთ !", -წერს ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
გაზეთი "ქრონიკა +" -ის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა სწორედ ლექსო თამაზაშვილის გამო დაეძაბათ. გამოცემის ცნობით, საუბარია „აჭარაბეთის“ საქმეზე.
„ქრონიკა+“ წერს, რომ ზვიად ჯანყარაშვილი და ლექსო თამაზაშვილი ბიზნესმენ თემურ უგულავასთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
მათი ინფორმაციით, თემურ უგულავამ შეხვედრისას საუბრის აუდიოჩანაწერი გააკეთა, რაც მოგვიანებით მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა. გაზეთის ცნობით, სწორედ ამ ჩანაწერის გამო სთხოვდა ივანიშვილი ღარიბაშვილს ლექსო თამაზაშვილის დაჭერას.
„პირველსავე შეხვედრაზე თემურ უგულავასთვის ზვიად ჯანყარაშვილს უთქვამს, - თუ გინდა, ფინანსურ პოლიციას და დარიცხულ 150 მილიონს თავი დააღწიო, მოვილაპარაკოთო. - რაზე მოვილაპარაკოთო? დაუკონკრეტებია თემურ უგულავას. - დარიცხული ჯარიმის ნახევარი, 75 მილიონი, არაოფიციალურად გადაიხადე და ფინანსური პოლიცია შემოწმებას შეაჩერებსო. ჯანყარაშვილის შეთავაზებაზე უგულავას გასცინებია, - სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული დარიცხული ჯარიმა და საერთოდ, არ ვაპირებ არაფრის გადახდასო! რაზეც, ამჯერად, უკვე ლექსო თამაზაშვილს უპასუხია, - ყ...ზე გვკიდია შენი გასაჩირებაც და სასამართლოც, გადაიხადე ნახევარი და პრობლემებიც მოგიგვარდებაო!“, - წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები






