"გამარჯობა ქალბატონო მინისტრო.
პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი აღფრთოვანება თქვნს მიერ ჰულაჰუპის მოხდენილი ტრიალის გამო.
ახლა საქმე:
დღეს თქვენ ტაბულას ჟურნალისტს დაესხით თავს და განუცხადეთ, რომ თეორემაში მოწვეული სტუმრები ტყუილებს ამბობდნენ და სამინისტროს პოზიცია არ იყო წარმოდგენილი.
როგორ ბედავთ და ესხმით თავს ჩემს ჟურნალისტს დაუსაბუთებელი ბრალდებებით?
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ურეკავდა თქვენს უწყებას თეორემას პროდუსერი რუსუდან ვაშაკიძე და გთხოვდათ გადაცემაში თქვენი სამინისტროს წარმომადგენლის მოსვლას - პასუხად მივიღეთ, რომ დასვენების დღეა და თქვენ ისვენებთ.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში გიკავშირდებოდათ ტაბულას საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი და მანაც იგივე პასუხი მიიღო.
მოკლედ, მთელი დღის განმავლობაში უარს ვიღებდით კომენტარზე.
რაც შეეხება იმას, რომ თეორემას სპიკერებს კანონი არ ჰქონდათ გადაშლილი.
არათუ გადავშალე და წავიკითხე, არამედ მთელი გადაცემის განმავლობაში გადაშლილი იყო ჩემს ეკრანზე და კონკრეტულ კითხვებს ვსვამდი.
გიმეორებთ იგივეს საჯაროდ და გამეცით პასუხი:
თქვენს მიერ მიღებული აქტის მიხედვით მასწავლებელს დაევალება ეთიკის კოდექსი დაიცვას როგორც სკოლაში, სამუშაო საათების დროს, ისე სკოლის მიღმა, არასამუშაო საათებში. თუ ეს წესი დაირღვა, მასწავლებელმა შესაძლოა დაკარგოს სამსახური.
კითხვა მრავალი მაქვს. მაგრამ რას მეტყვით აი ამ კონკრეტულ საკითხზე.
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ქცევის კოდექსი.
მუხლი 4.9
9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.
სკოლაში ამ ნორმის მოქმედება ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს რომ მასწავლებელს სკოლის მიღმაც, მაგალითად საკუთარ ფეისბუქის გვერდზეც არ აქვს შესაძლებლობა დაწეროს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლემ შეიძლება ნახოს?
შესაძლებელია თუ არა ეს ნორმა გამოყენებულ იქნას იმ მასწავლებლების წინააღმდეგ, რომლებსაც თქვენი პარტიისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებები აქვს?
რა დაიცავს მასწავლებელს ამგვარი პრაქტიკისგან?
მუხლი 4.6
6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
გასაგებია და სრულიად მისაღები, რომ სიგარეტის მოწევა, ან ალკოჰოლის მიღება სკოლაში მართებული არ არის, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოცემული ნორმა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თქვენთვის არასასურველი მასწავლებლის თავიდან მოსაშორებლად იმ შემთხვევაში, თუ მისი საქციელი სკოლის გარეთ (მაგალითად სიგარეტის მოწევას) არაჯანსაღად ჩაითვლება?
მუხლი 4.7
7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
ჯერ რას ნიშნავს მორალური და ზნეობრივი ნორმები, ეგებ დაზუსტდეს.
ამასთან ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ შესაძლოა თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის არასასურველი მასწავლებელი გააგდოთ სკოლიდან და მიზეზად ეს ბუნდოვანი ნორმა მოიტანოთ?
კეთილი ინებეთ, მობრძანდით და განმარტეთ რას გულისხმობს თქვენი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვერცერთმა საღმა ადამიანმა ვერ გაიგო რა გნებავთ.
და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არ გაბედოთ ჩემს ჟურნალისტზე თავდასხმა ცილისმწამებლური ბრალდებებით."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






