პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ როდესაც პარტიას გენერალური მდივანი ჰყავს, აღმასრულებელი მდივნის აუცილებლობა არ არსებობს.
ამის შესახებ ახვლედიანმა პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ის თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნეა და შესაძლოა, კარგი მოქალაქეცაა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ პარტია ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს. როცა პარტიას გენერალური მდივანი ჰყავს, იქ აღმასრულებელი მდივნის აუცილებლობა არც არსებობს. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, პოლიტიკური მდგომარეობის გაჯანსაღების პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულოს, ამას რადიკალური და ძალიან გააზრებული ნაბიჯები სჭირდება. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვის მთავარი თემა იქნება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება", - განაცხადა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






