საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სვეტიცხოველში მამა ილია კარტოზიას ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული მოქალაქის ვალია, რომ მომავალი თაობა მამა ილია კარტოზიას გმირობის მაგალითზე აღზარდოს.
"საქართველოს ისტორიაში, სადაც სამშობლოსთვის თავდადებული ამდენი წმინდანი და გმირია, ძნელია ჩაწერო შენი სახელი, მაგრამ მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა, გაანათა ის თავისი რწმენით და გმირობით. ჩვენ მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ სამოქალაქო გმირობისთვის. ეს არის მცირე წვლილი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა არის ყველა ჩვენგანის ვალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
არქიმანდრიტს დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის ეზოში, ლოდის ძირში დაკრძალავენ.
არქიმანდრიტი საქართველოში 18 იანვარს ჩამოსვენეს. ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






