პრემიერ-მინისტრმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას პატივი მიაგო. ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„მივუსამძიმრე მამა ილიას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ მართლაც გვაჩვენა სამაგალითო გმირობა ეს არის მართლაც დასაფასებელი. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,“ - განაცხადა პრემიერმა.
წირვის შემდეგ წესის აგების რიტუალი გაიმართება. ამის შემდეგ არქიმანდრიტის ცხედარს დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 12 საათზე დაიწყება.
არქიმანდრიტი საქართველოში 18 იანვარს ჩამოსვენეს. ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






