„გაგიზიარებთ, რომ მიფიაქრია იმაზეც, ხომ არ იქნება ისეთი სიტუაცია, როცა პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს, რომელიც არ დაიმსახურებს უმრავლესობის მოწონებას. ამის შანსებს მე ვხედავ“, - განაცხადა წულუკიანმა და განმარტა, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს ჯერჯერობით მხოლოდ არასამთავრობო სექტორთან მართავს, რაც ძალიან კარგია, თუმცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ამტკიცებს საპარლამენტო უმრავლესობა და არა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„დიახ, უზენაესი სამამართლოს თავმჯდომარის არჩევა და დანიშვნა პოლიტიკური პროცესია, ამიტომ პოლიტიკური მოთამაშეები უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს. ვიდრე პრეზიდენტსა და კოალიციას შორის არ შედგება კონსულტაცია, მე ეს განცდა მაქვს, რომ ვაი და, რამე არ მოხდეს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით თუ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ შეუთანხმებლად წარდგენილ კანდიდატს, შეიქმნება ვითარება, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას გარკვეული დროით კუბლაშვილის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი შეასრულებს.
„ბატონი მეიშვილი არის გირგვლიანის საქმის მოსამართლე, რომელსაც ირინა ენუქიძის იმქვეყნად გასტუმრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც როდესაც სასამართლოში მივიდა გირგვლიანის საქმე, დამნაშავეებს 6 თვით შეუმცირა სასჯელი. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მეიშვილმა, სააკაშვილმა და სხვებმა შეკრეს პირი. ეს არ არის ბრალდება, ეს არის ფაქტი. ამიტომ თუ ჩვენ აღმოვჩნდებით მეიშვილის ხელში, ყველა, ვინც ამას ხელს შეუწყობს, პასუხი უნდა აგოს, იმიტომ რომ ეს ჩვენ არ გვეკადრება“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, არ შეიძლება, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მოსამართლეებს თუნდაც ერთი საათით ხელმძღვანელობდეს.
მასალის გამოყენების პირობები






