საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები, ბერძნული კომპანია Western Mediterranean Shipping S.A-ს წარმომადგენელს დაუკავშირდნენ, რომლის 5 ხომალდზეც დასაქმებული 23 ქართველი მეზღვაური ბენინის სანაპიროსთან იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთი გემიდან სამი უკვე მომარაგებულია საკვებით, დანარჩენ ორს, დღეს დღის განმავლობაში მიეწოდება სურსათი.
ხელფასებსა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იანვრის ბოლომდე მოგვარდება ფინანსური პრობლემები, რის შემდეგაც კომპანია უზრუნველყოფს მეზღვაურებისთვის ხელფასების გადახდასა და ეტაპობრივად მათ სამშობლოში დაბრუნებას.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ერთი მოქალაქე ხელის მოტეხილობით, გემ DIAS-იდან გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, რის შემდეგაც იგი სამშობლოში გამოემგზავრა. ასევე, გემ DIAS-ის კიდევ ერთი მეზღვაური უახლოეს პერიოდში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.
ხომალდ ASTERIS-დან, ორი ქართველი მეზღვაური გამოიყვანეს, რომლებიც ამჟამად განას დედაქალაქ აგრაში იმყოფება. მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს განას საელჩოში.
მასალის გამოყენების პირობები






