საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. დღეს, დელეგაციის წევრები, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, აარი ლემიკის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ. მათ შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J5 დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.
ქართულმა მხარემ ესტონელ სტუმრებს 2014 წელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და 2015 წლის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.
ესტონურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსთვის უელსის სამიტზე შეთავაზებული არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხზე გაამახვილეს. ქართველი და ესტონელი კოლეგების საუბრის ერთ-ერთი თემა ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა იყო.
დღესვე, ესტონური დელეგაციის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა მიიღო. ანდრიამ გოცირიძემ ესტონურ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობამ სტუმრებს ბიუროს სტრუქტურის, ფუნქციებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






