საგარეო უწყება ევროკომისარის იოჰანეს ჰანის საქართველოში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„საქართველოს ეწვევა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს. დაგეგმილია ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას და მოინახულებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მცხეთის საველე ოფისს. მცხეთაში ევროკომისარი ასევე ეწვევა ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.
აღსანიშნავია, რომ ამ რანგში ეს არის იოჰანეს ჰანის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






