ვინ არის თამაზ ჭაღალიძე? ამაში გასარკვევად "ალიამ" ბათუმში მისი სამეგობროს მოძიება დაიწყო და ერთ-ერთს მიაკვლია კიდეც - არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელს, მერაბ ღოღობერიძეს:
„თამაზი ჩემი ერთ-ერთი დიდი ხნის მეგობარია, 7 წელზე მეტია ვიცნობ უკვე. ბოლოს ვხედავდი გაუბედურებულს და ის ითხოვდა დახმარებას. თავიდან ის ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში, კოკო გამსახურდიას პარტიის ერთ-ერთი კარგი აქტივისტი იყო, ჩართული იყო სააკაშვილის განდევნის პროცესში, მაგრამ მას არ გაუმართლა. არავინ აქცევდა დიდად ყურადღებას და არავინ აღიქვამდა, როგორც პოლიტიკოსს. მას ყოველთვის სურდა და ჟინი ჰქონდა პოლიტიკოსობის. დიდად რადიკალი არასდროს ყოფილა. ჩემთვის როგორც ცნობილია, ის ხულოს რაიონში დაიბადა, გლეხის ოჯახში. როგორც მოგეხსენებათ, ხულოს რაიონი ერთ-ერთი მთიანი რაიონია აჭარაში, სადაც ახალგაზრდობას არანაირი გასაქანი არ აქვს. ხულოს რაიონში უფრო შრომითი საქმიანობითაა ხალხი დაკავებული. ის ბათუმში ცხოვრობდა წლებია, სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრა და ასევე ხულოს რაიონში პანსიონატში მუსლიმანთა სასწავლებელში სწავლობდა. მას ხშირად ვხედავდი ბათუმში მდებარე სამლოცველოში. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ერთი უბრალო გლეხი ბიჭი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი თამაზ ჭაღალიძეს ასეთ ვითარებაში, რადგან ქათამიც კი არა ჰყავს დაკლული. მახსენდება პერიოდი, როცა სადაც ცხოვრობდა, მეზობელმა სთხოვა ქათმის დაკვლა და თამაზმა უთხრა, ამ ცოდვას მე ვერ ჩავიდენო.
ბოლოს ის ცხოვრობდა ე.წ. მუყაოს ქალაქში, მძიმე პირობებში, ამ დროს უკვე გამოირჩეოდა აქტიურობითა და აგრესიულობით, ატარებდა აქციებს ხანდახან სიტყვითაც გამოდიოდა და მეგობრულად ვეხუმრებოდი, თამაზ, პოლიტიკა შენი საქმე არაა, დაანებე, არ გამოგდის-თქო. ბოლო რამდენიმე წელი არ მინახავს და მერე გაზეთ "ბათუმელების" მეშვეობით გავიგე, "შახიდობაზე" ოცნებობდა და ტერორისტი გამხდარა. ის თავს არც ტერორისტად და არც მკვლელად არ მიიჩნევს, მართლა გული მეტკინა. "- აცხადებს ღოღობერიძე.
მერაბ ღოღობერიძემ "ალიას" პირადი მიმოწერა გადასცა, საიდანაც ირკვევა ჭაღალიძის განრისხების მიზეზები:
მერაბ ღოღობერიძე: მართლაც ძალიან მწყინს, ცოცხალ-მკვდარ მეგობარს რო ვუყურებ. იგიც რელიგიის დაპირისპირებაში ჩათრეულს. შენ არასდროს ყოფილხარ ეგეთი და სამწუხაროა, როდესაც არც მეგობართან პასუხი და სათქმელი რომ არ გაქვს, მე დღესაც გაფასებ როგორს დიდი ხნის ჩემს მეგობარს ჩვენ. არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა, მაგრამ როგორც მე დავგმე საფრანგეთში მომხდარი ფაქტი რელიგიის ასე ცინიზმით დამოკიდებულება, ისე არ უნდა დასცინო შენაც და რა თქმა უნდა, ჩემს პატრიარქის და სამღვდელოების განადგურების უფლებას ვერ მოგცემ, ჩემო ძმაო. პირველ რიგში ჩემი მოკვლა მოგიწევს, მოუსმინე დედაზე მაინც სიმღერა, რას განიცდის ქალი და იფიქრე, რა ნაბიჯი გადადგი, იქნებ გვიანი არ არის? იქნებ შევძლო შენი დახმარება ყველამ ერთად.
თამაზ ჭაღალიძე: ეჰ ჩემო მერაბ, იცი, რამდენი კარგი მეგობარი დავტოვე მანდ და ოჯახი. შენ კარგად მიცნობ უკვე 7 წელია და იცი, რისთვისაც ვიბრძოდი, მაგრამ იცი, რა, ჩვენი თავმდაბლობა ბევრმა ლაჩრობად შეაფასა, ჩვენ ბევრი რამ გავიარეთ, რაც ხალხს არ გაუგია, ამიტომ პირობას ვდებ, აჭარლების წინაშე, რომ ვიღაცას მუხლებზე დავაჩოქებ, მყავს იმის ხალხი და ალბათ ხვდები, სადაც ვარ და ჩვენ რა შეგვიძლია.
მ.ღ.: შენ მესვრი თამაზ მე? მე ჩემი პატრიარქის მოკვლის უფლებას ვერ მოგცემ და ვერც ერთი პირწავარდნილი ქართველის. შენ უკვე აღარავინ მოგცემს უფლებას, აქ საქართველოში შემოხვიდე და თუნდაც აქ მოკვდე.
თ.ჭ.: მერაბ, ვინც ისლამს და მუსლიმანებს შეგვებრძოლება, ჩემი ძმაც რომ იყოს, ვესვრი, ჩემი დახმარება თუ გინდა, აჭარის ავტონომია ისლამური უნდა გახდეს. საპატრიარქო წავიდეს, თორემ საფრანგეთი მონაგონი იქნება.
მ.ღ.: კითხვა მაქვს მესვრი? მე არ მჯერა შენ მე მომკლა, მე მესმის იმ დრომ იმ წარსულმა გაგაბოროტა, ის წლები რომელიც ერთად გამოვიარეთ, ის რაც შენ და შენმა ოჯახმა მეგობრების ერთად ფეხდაფეხ გაჭირვებით იარე, შენ ხაზი გადაუსვი ქართველობას იმის გამო, რომ მხოლოდ ისტორიაში ჩაიწერე, როგორც თვითმკვლელი ტერორისტი.
თ.ჭ: მერაბ მე შეიძლება ჩემს ძველ მეგობარს არ ვესროლო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ეპატიოთ მუსლიმანების წინააღმდეგ ჩადენილი თუ აქვთ რაიმე დანაშაული. ასეთ ადამიანებს ვესვრი, ძმასაც კი. ცხოვრებაში ქათამიც არ დამიკლია, მანდ რომ ვიყავი, მაგრამ როცა აქ ჩამოვედი, დღეში 6 და 7 ბომბს აგდებდა ამერიკის კოალიციის თამადობით. მაშინ მივხვდი, რომ უნდა დამეხოცა ეგენი, მერე კობანში ვიბრძოლე, ჩემს თვალწინ ჩემი მუსლიმანი 5 ძმა დაიღუპა, მე კი დავიჭერი, ასე, რომ ვიცი ომის სუნი. ძალიან ცუდი სუნი აქვს ბომბს, ტყვიას, ცეცხლსა და სისხლს. გახსოვს? ვამბობდი, სისხლისღვრამდე მივდივართ-თქო. მე ტერორისტი არ ვარ, მე ისლამის მებრძოლი ვარ. გეკითხები, რაც ევროპამ მუსლიმანებს გაუკეთა ბოლო წლებში და რაც პანკისელებს გაგვიკეთა საქართველომ, ის არ იყო ტერორიზმი?
წყარო " ალია"
მასალის გამოყენების პირობები






