რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რისთვის იქმნება 5-კაციანი ჯგუფები და რა ცვლილებებს გეგმავენ ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებში, ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე "ალიას" ესაუბრა:
„დაიგეგმა ხუთდღიანი ღონისძიებები რეგიონებში, შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ჩავლენ და ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. ყველა რეგიონში ჩავა ორი დეპუტატი და ერთი ანალიტიკოსი. ზოგ რეგიონში ჩავა ერთი ჯგუფი, ზოგში - ორი. ასევე ამ ჯგუფებში შევლენ ადამიანები ჩვენი პარტიული ოფისიდან.
დაგეგმილია შეხვედრები ადგილებზე პარტიულ აქტივთან, გამგებლებთან, გუბერნატორებთან, საკრებულოებში ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუ პარტიული აქტივი ადგილზე საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ ასევე შევხვდებით მოსახლეობასაც. ეს არის ე.წ. მოთელვა, ამის შემდეგ კიდევ დაიგეგმება მსგავსი ღონისძიებები, რათა საქმე დაიძრას მკვდარი წერტილიდან. დასამალი არ არის, რეგიონებში ჩვენი პარტიული სტრუქტურები თითქმის ჩამოუყალიბებელია. მე ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო ნოვაციაა და შედეგს აუცილებლად მოიტანს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავარკვიოთ, როგორ მუშაობდნენ რეგიონებში ჩვენი სტრუქტურები და რა ხდება ამჟამად. ასევე შესასწავლია პარტიის წევრების რაოდენობა, ვინ გავიდა, ვინ შემოვიდა, ან კიდევ, ვინ უნდა დავიმატოთ.
ანგარიშს პრემიერ-მინისტრს ჩავაბარებთ, ჯგუფები ხუთ დღეში დაბრუნდებიან, დასხდებიან და წარმოადგენენ ანგარიშებს. ყველა რაიონი შეფასდება ცალ-ცალკე.
ჯგუფების ნაწილი გავა 14 იანვარს, ნაწილი - 15 იანვარს... 5 დღე დავრჩებით რეგიონებში, მე განაწილებული ვარ რაჭაში. მაჟორიტარები თავიანთ რაიონებში არ წავლენ.
ფაქტობრივად, არჩევნებამდე დარჩენილია წელიწად-ნახევარი. 2016 წელს საპარლამენტო მუშაობა თითქმის აღარ იქნება. ეს საკითხი და პრობლემები გადასადები ნამდვილად არ არის და მივესალმები, რომ დავიწყეთ.”- აცხადებს ლორთქიფანიძე
მასალის გამოყენების პირობები






