საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია სვანეთში მოგაზურობის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს და ერთ-ერთი სასტუმროში ემოციურ შეხვედრასაც იხსენებს.
„სიყვარულით სავსე პოსტი! მამას გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის ოჯახურმა ტრადიციებმა ვალდებულების ნაწილში გადაინაცვლა... მანამდე ასე არ იყო: მიხაროდა მთელ ოჯახთან ერთად შობას განმუხურში ყოფნა, ასევე აღდგომას და მარიამობას. ბოლო ორი წელი ან ოდნავი იძულებით ვაკეთებდი ამას, ან, როგორც მეამბოხე და ვალდებულებების წინააღმდეგი, უბრალოდ არ მაინტერესებდა და არ ვაკეთებდი.
ახლა, დღევანდელმა საღამომ, დიდი სითბო მომიტანა.
სვანეთში ჩამოვედი, სასტუმროში მოვედი, დიასახლისს ველაპარაკე და ... აი, შოკი! აღმოვჩნდი ჩემი უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანების ოჯახში! ერეკლე ჯაფარიძის და მისი უბრწყინვალესი მეუღლის, ნინოს სტუმარი.
უდიდესი სითბო და ბევრი პოზიტივი მოვიდა... ერთად ვსხედვართ ძველით ახალი წლის ღამეს, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვესიყვარულებით ერთმანეთს. ნამდვილი ოჯახი, ოჯახური სითბო, მეგობრობა... ეს ვიგრძენი.. და თურმე როგორ მაკლია მამა, რომელიც ამ ყველაფერს ნიშნავდა და ქმნიდა ჩემთვის!
მილიონ მადლობას ვუხდი ერეკლეს, ვერც ვუხსნი რისთვის... ეს უბრალოდ უნდა იგრძნო...
და ვისმენ ჟესტების ენით გამოთქმულ "მე შენთან მოვალ" და ცრემლებამდე მივყავარ ამ ყველაფერს.
მადლობა, რომ ადამიანი ვარ და ვგრძნობ! არ აქვს მნიშვნელობა სიარული შემიძლია თუ არა, მესმის თუ არა, ვლაპარაკობ თუ არა, ვხედავ თუ არა! ადამიანობაა გრძნობა - შეგრძნება“, - წერს მარიამ საჯაია.

მასალის გამოყენების პირობები






