იუსტიციის მინისტრის განცხადებით უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი გახდება. წულუკიანის თქმით, მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გაუგზავნა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
"მე როდესაც პანკისის ხეობაში ვიყავი წელიწადნახევრის წინ და იქ უხუცესებს შევხვდი, იქ ითქვა წუხილის სახით, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ცდუნებას წამოეგება, იმიტომ რომ აქ საქმე არ აქვთ, აინტერესებთ სხვა რამე და ეს ინტერესი არის ვთქვათ, ტერორიზმი და შეიძლება თავიდან ვერც აცნობიერებენ, რატომ მიდიან სხვა ქვეყანაში, ან აცნობიერებენ არასრულად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ჩვენთან თანამშრომლობით მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გააგზავნა პარლამენტში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, ეს არის 312-ე პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ რომ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ან ამგვარ მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება, იქნება დასჯადი 2 წლით თავისუფლების აღკვეთით" - განაცხადა იმედის ეთერში მინისტრმა.
კითხვაზე, აღნიშნული კანონის ფარგლებში მოექცევა თუ არა ქართველი სამხედროების უკრაინაში ბრძოლა, წულუკიანმა უპასუხა, რომ თუ ფორმირება უკანონო იქნება, კანონი მათზეც იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები






