ფორუმზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სოფლის მეურნეობის სექტორში საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მინისტრის მოადგილემ ესტონელ ბიზნესმენებს სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პერსპექტივები და სტრატეგიული ხედვები გააცნო.
,,ესტონეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ბევრი მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერია. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ევროინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველო ესტონეთის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. მჭიდრო ურთიერთობაა სამინისტროების დონეზეც. ესტონურ მხარესთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქართველი სპეციალისტები სამუშაო და სასწავლო ვიზიტებით ესტონეთში არაერთხელ იმყოფებოდნენ. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ბიზნესფორუმების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორთა ინფორმირებულობისთვის, საქართველოში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მათი ცნობადობის ამაღლებისთვის.
ფორუმში ქართული და ესტონური მხრიდან როგორც საჯარო, ისეკერძო სექტორის 120-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






