საპატრულო პოლიციის ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ორი საათის განმავლობაში თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლები იკითხებოდნენ. პოლიციას ჩვენება ზედამხედველობის სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამავე სამსახურის ყოფილმა სპეციალისტებმა მისცეს.
„ფარულ ჩანაწერებში, რომელიც მე წარმოვადგინე პროკურატურაში, პირდაპირ და ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემი სამსახურის ყოფილი უფროსი გეგი ნიჟარაძე და დავით მედულაშვილი პირდაპირ მეუბნებიან, რომ მე უნდა დავტოვო სამსახური იმის გამო, რომ მე არ ვარ მათი გუნდის წევრი“ - აცხადებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კვარაცხელია.
საქმე ეხება 2014 წლის 3 სექტემბერს გავრცელებულ საიდუმლო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, ხაბურზანიას და კვარაცხელიას იმ დროინდელი ხელმძღვანელი სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. დაკითხვა სწორედ ამ ფარული ჩანაწერების მოპოვებას და გავრცელებას ეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






