საქართველოს პრემიერი-მინისტრის ვარაუდით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებას.
„ესტონეთი, ისევე როგორც საქართველო, დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ მან ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია. ესტონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების კუთხით. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთი დინამიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციას უკვე ახორციელებს ერთ-ერთი მოწინავე ესტონური კომპანია "Skinnest Group". მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია ჩვენთან სხვა პროექტების განხორციელებასაც აპირებს და მომავალში, იმედია, სხვა ესტონური კომპანიებიც დაინტერესდებიან საქართველოს შესაძლებლობებით და უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა საქართველოში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






