რამდენიმ კვირაში პარლამენტში მიწების გასხვისების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება. უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიწების შეძენის უფლება გასული წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებული ჰქონდათ.
ახალი რეგულაციებით კი იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწების შეძენა სურთ ახალი წესით ხელმძღვანელობა მოუწევთ.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად 3 წლიანი ბინადრობის უფლება დაჭირდებათ, რის შემდეგაც ისინი 5-დან 20 ჰექტრამდე მიწის შეძენას შეძლებენ. იურიდიული პირის შემთხვევაში კი აუცილებელი პირობა საქართველოში რეგისტრაციაა, მეწილეებს შორის უცხოელის ყოფნის შემთხვევაში კი კერძო კომპანია ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ 20-დან 200 ჰექტრამდე მიწას შეიძენს.
კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, თუ საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული უცხოელი განქორწინდება, ბინადრობის არქონის შემთხვევაში, მიწის გასხვისება მოუწევს. საზღვრისპირა ტერიტორიაზე კი 5 კმ-ის მანძილზე მიწები არ გასხვისდება.
საქართველოს მთავრობაში მომზადებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელოვნურად შექმნილი რეგულაციები ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას კიდევ უფრო შეაფერხებს.
ექსპერტების და ოპონენტების შენიშვნებს არ იზიარებენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში ფიქრობენ, რომ ცვლილებები უცხოელებისთვის ლოიალური იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






