2015 წლის შობა-ახალი წლის დღეებში ლანჩხუთის უპოვართა სასადილო ორი დღით დაიხურა და იქ მისულ ბენეფიცირებს უკან, მშიერ მდგომარეობაში მოუხდათ გაბრუნენბა.
"სასადილოში მისულებს გამოგვიცხადეს, რამდენიმე დღის განმავლობაში აქ კვება არ გექნებათ, ტენდერი გვაქვს გამოცხადებულიო. მშივრები დავრჩით“ - განაცხადა "ნიუპოსტთან" ლანჩხუთის უპოვართა სასადილოს ბენეფიციარმა, ნადეჟდა ლუციმ.
თუ რატომ შეიქმნა უპოვართა სასადილოში ბენეფიციართა გამოკვების პრობლემა ამაზე მოკლე კომენტარი სასადილოს ხელმძღვანელმა ლოლიტა ურუშაძემ მანამდე გააკეთა, სანამ ლანჩხუთის გამგეობაში სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადების დაწერას მოსთხოვდნენ: "ცოტა გაურკვევლობაში ვარ და ჯერ ვერაფერს გიპასუხებთ. გამგეობაში ვიმყოფები".
ამის შემდეგ ურუშაძეს "ნიუპოსტთან" კომენტარი აღარ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ განცხადებას წერს.
სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით ხელმძღვანელს განცხადება რამდენიმე წუთის დაწერილი ჰქონდა, როცა მისი შემცვლელი კაბინეტში შევიდა და თავი ახალ უფროსად წარუდგინა. ლანჩხუთის უპოვართა სასადილოს მართვას, სათავეში, შოთა ფირცხალაიშვილი,ჩაუდგა, რომელიც გამგეობის ვეტერანთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ლანჩხუთის გამგეობაში ურუშაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გვპასუხობენ, რომ მისი შემცვლელი ჯერ ოფიციალურად დანიშნული არ არის, რაც შეეხება უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ის თანამდებობიდან, დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო დაითხოვეს. როგორც პრესსამსახურში გვიხსნიან, უპოვართა სასადილოდან ურუშაძის და კიდევ ორი თანამშრომლის, ბუღალტერისა და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი პირდაპირ კავშირშია ორი დღის განმავლობაში სასადილოს ფუნქციონირების შეწყვეტასთან, რაც თავის მხრივ საკვები პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერის დაგვიანებით გამოცხადებამ გამოიწვია.
ამ დროისთვის უპოვართა სასადილო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






