საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული საბჭო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით.
ახლადშექმნილ საბჭოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში კი შედიან - საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.
უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს 16.00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






