როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა, კანონპროექტით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ყოფილი თანამდებობის პირების ბრალდების საქმეებს აღარ მოიცავს.
დეპუტატის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პრაქტიკაში არ გამოდგა და ეს სისტემა საკმაოდ პრობლემურიცაა.
„თავის დროზე, ამ სისტემის შემოღებას კრიტიკულად ვუყურებდი. ეს ბევრი პრობლემის მატარებლად მიიჩნევა და კრიტიკოსები ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ჰყავს, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამშობლოდ ითვლება. როგორც ირკვევა, საქართველოში ამ სისტემის ამოქმედება რთული აღმოჩნდა. მათ შორის რთული მსაჯულების შერჩევაა, რადგან ეს პროცესი თვეების მანძილზე გრძელდება“, - აცხადებს ბესელია.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმება, ბესელია სისტემის გაუქმებას არ გამორიცხავს.
„შეიძლება, ამაზეც ვიფიქროთ და ეს საკითხი გავაანალიზოთ, თუმცა, ამას საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება და შეიძლება, ამ საკითხზე საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიამ იმსჯელოს. თავის დროზე, ამ პრინციპს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. შესაბამისად, როცა ვნახეთ, რომ იგი პრობლემურია, ცვლილებაზე უნდა ვიფიქროთ“, - დასძინა ბესელიამ.
„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით არცერთმა პირმა არ ისარგებლა და ეს ერთგვარი პასუხია მათ ნებისმიერ არგუმენტზე“, - განაცხადა ბესელიამ.
საკანონმდებლო ორგანო იანვრის ბოლოს, რიგგარეშე სხდომების ფორმატში „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ დანაშაულთა წრე იცვლება. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ყოფილი თანამდებობის პირების ბრალდების საქმეებს აღარ მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






