ნაძალადევის რაიონის გამგეობა ჩასასვენებლებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებაში მითითებულია შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და სავარაუდო ღირებულება - 100 ჩასასვენებლის (სუდარით) შეძენისა და ტრანსპორტირების სავარაუდო ღირებულება - 28 000 ლარი - თითოზე 280 ლარი (იხ. საიტზე სატენდერო განცხადება - SPA150000025). კონკრეტულად რა დაჯდება ჩასასვენებლების შეძენა და ტრანსპორტირება, ეს უკვე ტენდერის საშუალებით გამოვლენილი გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასით განისაზღვრება.
რაც შეეხება წლის დასაწყისშივე ტენდერის გამოცხადებას, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ გარდაცვლილ მოქალაქეთა ოჯახის წევრების მომართვის შემთხვევაში, გამგეობა სარიტუალო მომსახურების დაფინანსებას ვერ განახორციელებს, თუ ჩასასვენებლები შესყიდული არ ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ ტენდერის პროცედურები დაახლოებით 10-14 დღის განმავლობაში გრძელდება, მოქალაქეების მომართვის შემდეგ ტენდერის გამოცხადებით მათ დახმარება ვერ გაეწევათ.
რაც შეეხება ჩასასვენებლების რაოდენობას, აღსანიშნავია, რომ სისტემატურად არის მოთხოვნა სოციალურად დაუცველ გარდაცვლილ მოქალაქეთა ოჯახის წევრებისაგან ჩასასვენებლისა და სასაფლაოს მომსახურების ხარჯების დაფარვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს, ჩასასვენებლის შეძენისა და სამარხზე მომსახურების შესყიდვაზე. 2014 წლის განმავლობაში სამარხზე მომსახურების დახმარების თხოვნით გამგეობას 156 სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ მომართა, ჩასასვენებლის მოთხოვნით კი 158-მა. უკლებლივ ყველა მოქალაქის თხოვნა დაკმაყოფილდა და შესაბამისად, გამგეობამ 2014 წელს, 2 ტენდერის საშუალებით 158 ჩასასვენებელი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 2015 წლის პირველივე სამუშაო დღეს, გამგეობას აღნიშნული მომსახურების გაწევის თხოვნით უკვე 3-მა მოქალაქემ მიმართა", - ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






