,,რუსთავი 2-ის ეთერში მანანა კობახიძე შეეხო განათლების სისტემას და ამ სფეროში ახალი ხელისუფლების „წარმატებებზე“ისაუბრა . ქ-ნი მანანა, როგორც ჩანს, ძალიან შორსაა ამ სფეროსგან მიუხედავად იმისა, რომ კარგი პედაგოგობა დაიბრალა. მან ბრძანა, რომ ძველი ხელისუფლების დროს პედაგოგების ხელფასები მაქსიმუმ 80 ლარი იყო. ეს არის ტყუილი! სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, პედაგოგების ხელფასმა 20-ჯერ აიწია და საშუალო ხელფასი 380 ლარი იყო (2003 წელს იყო 18 ლარი). რა თქმა უნდა, ეს ცოტა იყო და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კიდევ გაგვეზარდა პედაგოგების ხელფასი.
მანანა კობახიძემ ასევე თქვა, რომ 2017 წელს პედაგოგებს შესაძლოა ჰქონდეთ 1000 ლარიანი ხელფასი, რაც საქართველოში არასდროს ყოფილა. ესეც ტყუილია. 2012 წელს ძალაში შევიდა სერთიფიცირების ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა 1000 ლარიან ხელფასებს და 2012 წლის აგვისტოს მონაცემებით, პედაგოგების 8% ჰქონდა 1000 ლარიანი ხელფასი. ჩვენი გათვლებით, 2014 წლისთვის პედაგოგების 60% უნდა ჰქონოდა 1000 ლარიანი ხელფასი. სწორედ ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა ეს პროექტი.
მანანა კობახიძემ ასევე თქვა, რომ პედაგოგებს მოემატათ 70 ლარი. მხოლოდ მას დაავიწყდა დაემატებინა, რომ ამის პარალელურად გაჩერდა პროექტები, რომელთა მიხედვითაც პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ 150 ლარიანი, 100 ლარიანი და 250 ლარიანი დანამატები.
მანანა კობახიძემ ასევე ბრძანა, რომ დიდი „წარმატება“ არის უფასო სახელმძღვანელოების დარიგება და ახალი სკოლების მშენებლობა. მას აქაც დაავიწყდა დაემატებინა, რომ ყველა ის სკოლა, რაც აშენდა წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ იყო დაწყებული და 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაჩერებული. მარტო 2010-2012 წლებში ჩვენ ავაშენეთ 30-მდე ახალი სკოლა. რამდენი ააშენა ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალმა მთავრობამ? 3-ჯერ ნაკლები. რაც შეეხება უფასო სახელმძღვანელოებს, მინდა ქ-ნ მანანას შევახსენო, რომ ყველა ბავშვს ახლაც არ აქვს მიღებული სახელმძღვანელოები და განათლების სამინისტრო ახლა ყიდულობს ამ წიგნებს. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, მშობლების 30% იძულებული იყო გადაეხადა წიგნების საფასური. ჩემი მინისტრობის პერიოდში, ჩვენ ვყიდულობდით 160 000 ბავშვისთვის სახელმძღვანელოებს და საჩუქრად გადავცემდით. სულ ქვეყანაში დაახლოებით 500 000 მოსწავლეა საჯარო სკოლებში, თუ 30% მაინც უნდა გადაიხადოს, მაშ, რა შეიცვალა?“- აცხადებს განათლების ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






