უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა მუშაობის 10 წლიანი პერიოდი შეაჯამა. კუბლაშვილმა მმართველობის პერიოდში გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ წარმატებებსა და სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული აქცენტი მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზე, სისტემაში კორუფციის აღმოფხვრასა და სასამართლოების ტექნიკურად უზრუნველყოფაზე გააკეთა.
მისი თქმით, ათი წლის განმავლობაში კანონში განხორციელდა უამრავი ცვლილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაიქცა ადმინისტრიაციულ ორგანოდ. ასევე ათი წლის განმავლობაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოსამართლე უვადოდ დაინიშნება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც სასამართლო სისტემამ მიაღწია, არის ის, რომ გაიზარდა ბიუჯეტი და სასამართლო გახდა ამ მხრივ დამოუკიდებელი. ასევე გაიზარდა მოსამართლეთა ხელფასები და განხორციელდა მათი სიცოცხლის დაზღვევა.
კუბლაშვილმა ხარვეზებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, გამოყო მოსამართლეების დანიშვნის ხარვეზიანი სისტემაც.
„ხარვეზები, რაც დარჩა, გამოწვეულია ისევ საბოლოოდ მოსამართლეთა დანიშვნის ხარვეზიანი სისტემით, რადგან უვადო დანიშვნა ვერ შემოდის. ის არასტაბილურობა და გარკვეულწილად თვითშეზღუდვაც, რომელიც ამის გამო შეიძლება განახორციელონ მოსამართლეებმა, ბევრ სხვა ხარვეზს იწვევს“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ მომავალი წლის თებერვალში კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
მასალის გამოყენების პირობები






