,,ეროვნულ-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ პუტინმა მის მიერ ხელმოწერილი სამხდრო დოქტრინით დაადასტურა, რომ საქართველო მისთვის არის მტერი, თუ საქართველოს ხელისუფლება უარს არ იტყვის დასავლურ არჩევანსა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე.
გურამ ჩახვაძის თქმით, ამ ვითარებაში, თუკი საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა გააჩნია ქვენის წინაშე, მას უნდა ჰქონდეს მწვავე პოლიტიკური და დიპლომატიური პოზიცია.
,,გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ძალაში შევიდა რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა, სადაც ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების მიმართ გამოთქმული ტერიტორიული პრეტენზიები და მათ საშინაო საქმეებში ჩარევა რუსეთის მიერ აღიქმება, როგორც ამ ქვეყნის მთავარი სამხედრო საფრთხეები. ამ დოკუმენტში რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოებად მოიხსენიება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ყველასათვის გასაგებია, რომ ამ დოკუმენტით საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ან ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განლაგება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი ძალისხმევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი დე ფაქტო ადმინისტრაციების სეპარატისტულ, მარიონეტულ რეჟიმებად კვალიფიკაცია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ეთნოწმენდის, ამჟამად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნაზე განცხადებების გაკეთებაც კი რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც მის მიმართ განხორციელებული სამხედრო მუქარა.
ასეთ ”სამხედრო საფრთხეებს” რუსეთი რა თქმა უნდა გულზე ხელდაკრეფილი არ შეხვდება და ის უფლებას იტოვებს, საქართველოს უპასუხოს პოლიტიკური, არასამხედრო თუ სამხედრო მეთოდებით.
ასე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტალურად დაადასტურა, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება არის რუსეთის მტერი, თუ საქართველოს ხელისუფლება უარს არ იტყვის არა მარტო ნატოში გაწევრიანებაზე, არამედ ტერიტორიულ მთლიანობაზე, დევნილილების დაბრუნებაზე, ასევე დათანხმდება მარიონეტული მთავრობების ლეგიტიმაციაზე.
ამ დროს თუ პოზიციას არ იცვლი და რუსეთის მუქარას არ ეპუები, აუცილებელია ხელისუფლებას ქონდეს მწავავე პოლიტიკური და დიპლომატიური რეაქცია. ასე უნდა იქცეოდეს სახელმწიფოებრივად და პასუხისმგებლობით აღჭურვილი მთავრობა“, - აცხადებს ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო პრემიერ მინისტრს პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი ამ თემაზე გაეკეთებინა და განგაში თუ არა შეშფოთება მაინც გამოეხატა.
,,მთავრობის მეთაურმა ეს საკითხი საერთოდ არ ახსენა. ისევე როგორც, პრემიერის შექებულ, ეფექტურად მომუშავე და შესაბამისი გეგმის მქონე საგარეო უწყებას აქამდე განცხადება არ გაუკეთებია. საუბარი არაა ქვეყნისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა პოლიტიკურ და დიპლომატიურ ნაბიჯებზე.
ფიქრი იმაზე, რომ თუ რუსეთს მტერს არ დავუძახებთ (მაშინ როცა რუსეთი შენ მთავარ საფრთხედ მიგიჩნევს), უკრაინა რუსეთის დაპირისპირებაში, ეს ჩვენი საქმე არ არის პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რუსეთთან პირდაპირი დიალოგს წინა პლანზე წამოვწევთ რუსეთის კეთილგანწყობას მივიღებთ ან მის სამხედრო აგრესიას თავიდან ავიცილებთ, სულ მცირე შეცდომა და ინფანტილური პოლიტიკის ნაყოფია.
რუსეთი გეგმაზომიერად მოქმედებს საქართველოზე გავლენის აღსადგენად და თუ ამას დღეს არ აკეთებს, არა იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება კონსტრუქციულია, არამედ შესაფერისი დრო არ არის დამდგარი, მისი გეგმის ყველა დეტალი არ არის შესრულებული.
ისტორია არა მარტო წარსულის ცოდნაა, არამედ პოლიტიკისთვის წარსულის გამოცდილების გათვალისწინება. დღევანდელი ხელისუფალის რუსული პოლიტიკა გვაგონებს პირველი ქართული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც 1921 წლის 25 თებერვალი მოყვა“, - აცხადებს გურამ ჩახვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






