პრეზიდენტის მრჩეველმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის და არასაპარლამენტო პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა ნებისმიერ პიროვნებას შეხვდეს თუ შეხვედრის საკითხი საქართველოს პრობლემების მოგვარება იქნება.
„იმ ვითარებაში როდესაც რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ანექსიისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია, იმ ნაბიჯების შესახებ, რაც უნდა გადადგას საქართველოს სახელმწიფომ, აქ იგულისხმება როგორც ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები ასევე ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას პოლიტიკურ პარტიების და საზოგადოების მონაწილეობით.
პრეზიდენტს არაერთხელ გამოუთქვია თავისი მზადყოფნა, იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი საუბარი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმ რთულ საკითხებს , რომელიც ყველაზე მეტად სტკივა საქართველოს, ის მზად არის შეხვდეს ნებისმიერ პიროვნებას, მაგრამ დღეისათვის, ხაზს ვუსვამ, ამის დიპლომატიური სამზადისი არ მიმდინარეობს“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






