ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია.
ამის შესახებ ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც კოალიციაში განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პარტიები არსებობენ, მათი დაშლა გამორიცხული არ არის.
„მე არ ვიცი რა პერიოდში განვითარდება, მაგრამ ეკლექტური კოალიციები, რომლებიც ერთ იდეოლოგიას და მსოფლმხედველობას არ ემყარებიან, ბუნებრივია, იშლება. გრძელვადიან ალიანსში ესეთი კოალიციები ვერ ფუნქციონირებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ესეთი ეკლექტიკა შეიძლება იყოს ერთჯერადი ამოცანების შესასრულებლად, თუმცა სახელმწიფოს მართვაში, როდესაც ერთად პარტიები მსოფლმხედველურად რადიკალურად განსხვავებულები არიან, ეს ქვეყანას არ უხდება. ასე, რომ ბუნებრივი პროცესია ეს ყველაფერი. მე ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, მაგრამ კოალიციის დაშლა გარადუვალია“, - განაცხადა ხუხაშვილმა
კოალიციიდან რომელიმე სუბიექტის გასვლა არ გამორიცხა პრემიერ-მინისტრმაც.
„არაფერს არ გამოვრიცხავ, პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვას არ შეიძლება. ადამიანი ძალიან მერყევია და მითუმეტეს ქართველი პოლიტიკოსები ამბიციურები არიან და ამბიციები გაუაზრებელი აქვთ“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „ექსპო-ჯორჯიაში“ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიციის მართვა საკმაოდ რთულია და მათ ამის გამოცდილება არ ქონდათ. მან არ გამორიცხა, რომ კოალიცია "თავისუფალი დემოკრატების" მსგავსად მომავალში კიდევ ერთმა სუბიექტმაც დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






