გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, გიორგი ზედელაშვილის დედა თამარ ჯანყარაშვილი კომპანია „სერპანტინში“ საკუთარ წილს ყიდის. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ელისო კილაძემ განუცხადა.
„გიორგი ზედელაშვილის დედა თამარ ჯანყარაშვილი "სერპანტინში" საკუთარ წილს ყიდის. კომპანიის აუდიტი უკვე დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყიდოს წილი, რადგან არ იყოს საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა იმდენად, რამდენადაც გიორგი ზედელაშვილი საჯარო სამსახურში რჩება“, - განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭირვალობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში მაღალი თანამდებობის პირების კუთვნილი კომპანიები იმარჯვებენ.
მათ შორის იყო, კომპანია „სერპანტინი“, რომელმაც ორი წლის მანძილზე 6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






