საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი და საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესა და მის მოადგილეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების საკითხს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგეგმილი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, აუცილებელია ამ პროცესში მონაწილე ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობა. მოცემულ ეტაპზე შემუშავებულია რეფორმირების კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო მექანიზმები, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასში სამოქალაქო სექტორისა და უცხოელი პარტნიორების ჩართულობას უზრუნველყოფს“ - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებმა შს მინისტრ, ჭიკაიძესთან შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, ქვეყნის წინაშე მდგარი ტერორიზმის და სეპარატიზმის შესაძლო საფრთხეები, ქვეყანაში მიგრაციისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ქვედანაყოფების, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან ეფექტური კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






