საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, პროგრამის - „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა შეაჯამეს და მიღწევებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ G3-ის პარტნიორი უწყებების - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ. ჯამში, G3 პროგრამის ფარგლებში საქართველოში 18 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ვებ-გვერდი, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია, რომელიც უშუალოდ ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა აღნიშნა, რომ პროექტის წარმატება ერთობლივი მუშაობის და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
„პროგრამა მოიცავდა სამთავრობო ინსტიტუტებთან მუშაობას, გამწვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებებზე. ჩვენ ასევე ვმუშაობდით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, რათა ძირითად საკითხებზე მიგვეღწია კონსენსუსისთვის და მაგალითად ასეთი იყო საჯარო სამსახურის რეფორმა“, - აღნიშნა სტივენ ჰეიკინმა.
„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“, რომელიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო - ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო დონეებზე დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევები და საჯარო კომუნიკაციის სივრცის შექმნა მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მათ მიერ არჩეულ მოხელეებთან, მედიასთან თუ პოლიტიკური პარტიების წევრებთან დიალოგისთვის.
პროგრამამ ხელი შეუწყო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას მთავრობის ყველა დონეზე, ასევე საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციონალური უნარების განვითარების გზით.
მასალის გამოყენების პირობები






