აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობის დელეგაცია ამჟამად სამუშაო ვიზიტით იორდანიის სამეფოში იმყოფება, ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „იდენტობა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
2014 წლის 23 დეკემბერს იდენტობას იორდანიის მოქალაქე სალმან ხალასეხი დაუკავშირდა. მან გვაცნობა, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობის დელეგაცია ამჟამად სამუშაო ვიზიტით იორდანიის სამეფოში იმყოფება. აფხაზების დელეგაცია იორდანიაში ამ ქვეყნის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების მიზნით მოლაპარკებებს აწარმოებს.
სეპარატისტული დელეგაციის ხელმძღვანელი აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ნადირ ბიტიევია, რომელიც მოლაპარაკებებს აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების გარდა, ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის დაგეგმვის თაობაზეც აწარმოებს.
ჩვენი ინფორმაციით, აფხაზების დელეგაციამ დახმარებისა და მხარდაჭერის თხოვნით იორდანიაში ჩერქეზთა უხუცესს, 83 წლის მოხამად აბაზასაც მიმართა, რომელმაც მათ საქართველოს წინააღმდეგ დახმარებაზე უარი განუცხადა.
სალმან ხალასეხის თანხმობით, იდენტობამ მასთან საუბარი ჩაიწერა და ამ ინფორმაციის გამოქვეყნების თანხმობაც მიიღო. ხალასეხის თქმით, აფხაზების დელეგაცია მას იორდანიაში კონტაქტების დამყარების და დახმარების სანაცვლოდ, აფხაზეთის დიპლომატიურ წარმომადგენლად დანიშვნასაც სთავაზობდა, რაზეც მან უარი განაცხადა. მისი თქმით, აფხაზებმა უკვე შეძლეს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ვიზიტი, მაგრამ მეფესთან აუდიენციის მოწყობა სწორედ მას სთხოვეს.
ხალასეხი, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სხვადასხვა დროს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა, მათ შორის რუსეთშიც, გვიცხადებს, რომ მან აფხაზებთან საუბრის შემდეგ, პირადად მოინახულა ჩერქეზთა უხუცესი და მისგან მიიღო დეტალური ახსნა-განმარტებები თუ რატომ არის მიუღებელი იდეა აფხაზთა წინადადება.
სურვილის შემთხვევაში, იდენტობას აქვს თანხმობა და უფლება დაინტერესებულ ჟურნალისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ბატონების, ხალასეხისა და მოხამად აბაზას საკონტაქტო ინფორმაცია.
მოვუწოდებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მყისიერად დაიწყოს შესაბამისი პროცედურები და გაარკვიოს, ემუქრება თუ არა არაღიარების პოლიტიკას საფრთხე კიდევ ერთი ქვეყნისგან, რომელთანაც ამჯერად, ნაურუსა და ტუვალუსგან განსხვავებით, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული გვაქვს.
წყარო http://identoba.com/
მასალის გამოყენების პირობები






